English / ქართული / русский /
ნანა მენაბდიშვილი
ემიგრაციის გავლენა დემოგრაფიულ პროცესებზე

ანოტაცია. ნაშრომი ეხება ემიგრაციული პროცესების გავლენას დემოგრაფიულ პროცესებზე. საკითხი განხილულია 2002 და 2014 წლის საყოველთაო აღწერების მონაცემებზე დაყრდნობით და მიმდინარე სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით. ემიგრაციული პროცესები განხილულია სქესისა და ასაკის მიხედვით. ნაჩვენებია, რომ მნიშვნელოვნადაა მოსახლეობის რიცხვი შემცირებული და, ამასთან, მოსახლეობა დაბერების პროცესშია. ამ უარყოფით ტენდენციებზე კი მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ემიგრაციულ პროცესებს. 

საკვანძო სიტყვები: მიგრაცია, ემიგრაცია, მისახლეობის დაბერება, ემიგრაციის ფაქტორები. 

შესავალი

მიგრაცია გლობალური ფენომენია და თანამედროვეობის გამოწვევას წარმოადგენს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო თანდათან გახდა გლობალური მიგრაციული სისტემის ნაწილი. ადამიანებს მიეცათ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და უფლება, თვად აირჩიონ საცხოვრებელი ადგილი, თვითონ გადაწყვიტონ სად იცხოვრებენ და როგორი ცხოვრებაა მათთვის მისაღები და უკეთესი. ნებაყოფლობითი მიგრაცია მთელ მსოფლიოში მზარდი ტემპით მიმდინარეობს, რასაც განაპირობებს სულ უფრო დიდი დისონანსი მსოფლიოს ქვეყნების განვითარების დონეებს შორის. მმიგრაციულ პროცესებს ხელს უწყობს ტექნოლოგიების განვითარება და მის საფუძველზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

გლობალიზაციის ეპოქაში მიგრაცია სულ უფრო მზარდ გავლენას ახდენს როგორც გამცემი, ისე მიმღები ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე და საგრძნობლად ცვლის დემოგრაფიულ სურათს. დდამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა მდგომარეობამ მოსახლეობის ნაწილი აიძულა სამშობლოდან წასულიყო. საქართველოში ამჟამადაც უმთავრეს გამოწვევად რჩება სიღარიბის და ქრონიკული უმუშევრობის დაძლევა, ეს გადაუჭრელი პრობლემა კი შრომით ემიგრაციას უწყობს ხელს. ინტენსიური ემიგრაციული ნაკადები დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებაზე, რაც აქტუალურს ხდის ემიგრაციული პროცესების კვლევას. 

* * *

საქართველოში გარე მიგრაციის დინამიკაში წამყვანი ადგილი ემიგრაციას უჭირავს. 2002 წლიდან 2014 წლამდე საქართველოდან ემიგრირებული პირების რაოდენობამ 1,15 მილიონი შეადგინა, საქართველოში იმიგრირებული პირთა რაოდენობა კი 875 000. თანაც ეს რიცხვი უცხოელებსაც მოიცავს, თუმცა უმრავლესობა სამშობლოში დაბრუნებული ქართველია [ბარტ დე ბრუნი, 2017; 61].

ემიგრაციულმა პროცესებმა მნიშვნელოვანი ასახვა პოვა ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. 2002 და 2014 წლების საყოველთაო აღწერების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ აღწერათაშორის პერიოდში მოხდა მოსახლეობის 15 პროცენტით კლება, რამაც 657 731 კაცი შეადგინა. კლება შეეხო როგორც ქალაქის, ისე სოფლის მოსახლეობას. სასოფლო დასახლებაში მოსახლეობის კლებამ 23,7 პროცენტი, ხოლო ქალაქის მოსახლეობის კლებამ 7,1 პროცენტი შეადგინა.

საქართველო 1989 წლიდან მოყოლებული, 2014 წლამდე მოსახლეობის შემცირებით ხასიათდება. მოსახლეობის შემცირების მაღალი ტემპი ძირითადად 1992 წლის შემდგომი მაღალი ემიგრაციული პროცესებითაა განპირობებული. ამ უკანასკნელმა გადაფარა ამ წლებში არსებული მოსახლეობის ბუნებრივი მატება. ქვეყნის მოსახლეობა 2014 წლისთვის 1989 წელთან შედარებით თითქმის 22 პროცენტითაა შემცირებული.

ამასთან, საქართველოს მოსახლეობა კლებასთან ერთად დაბერების ტენდენციითაც ხასიათდება. 2002 წლის აღწერის მონაცემების შედარება 2014 წლის აღწერის მონაცემებთან თვალნათლივ გვანახებს, რომ 65 და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 1,6 პროცენტითაა გაზრდილი და შეადგინა მთლიანი მოსახლეობის 14,2 პროცენტი. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის დაბერების პროცესის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია ემიგრაცია.

 ბოლო აღწერის შედეგების მიხედვით ემიგრანტთა რაოდენობამ შეადგინა 88,5 ათასი კაცი, მათ შორის 45,4 პროცენტი მამაკაცია, ხოლო 54,6 პროცენტი ქალი. ფრიად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დღეისათვის, მოსახლეობის აღწარმოების თვალსაზრისით, საქართველო განვითარებული ქვეყნების, ხოლო გარე მიგრაციის თვალსაზრისით – ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მსგავსია, რაც საქართველოს განასხვავებს მსოფლიოს ზოგადი დემოგრაფიული ვითარებისგან.

ქვეყანაში არსებული დასაქმების შესაძლებლობების შეზღუდულობა და შრომის ანაზღაურების დაბალი დონე უბიძგებს მოსახლეობის ყველაზე აქტიურ ნაწილს, დატოვოს სამშობლო და არსებობისათვის საჭირო წყარო საკუთარი სამშობლოს ფარგლებს გარეთ ეძებოს. იმ ფაქტორებს შორის, რომელიც ემიგრაციას განსაზღვრავს, უმთავრესი ეკონომიკური ფაქტორებია. სწორედ ამ უკანასკნელმა განაპირობა მიგრანტთა არანაკლებ ¾–ში საქართველოდან წასვლა [არჩვაძე ი., 2017; 81].

ახასიათებს რა საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობას, ეკონომიკის მეციერებათა დოქტორი, დემოგრაფი, ექსპერტი ავთანდილ სულაბერიძე აღნიშნავს: დღეისათვის 20–50 წლის შრომითი ემიგრანტები თითქმის ორჯერ აღემატებიან ქვეყანაში დარჩენილ ამ ასაკის მოსახლეობას. ქვეყნიდან გასული 1,7 მლნ-ზე მეტი მიგრანტიდან, შეფასებითი გაანგარიშებით, მოსალოდნელია, უკან აღარ დაბრუნდეს დაახლოებით, 800 ათასი კაცი [სულაბერიძე ა, 2017; 11–13].

2002 წელს მიგრაციული სალდო უარყოფითი იყო და – 27,8 ათასი კაცი შეადგინა. 2014 წლისთვის მიგრაციული სალდო კვლავ უარყოფითია ოღონდ 2002 წელთან შედარებით თითქმის 4,3-ჯერაა შემცირებული და შეადგინა –6,5ათასი კაცი. 2016 წელს კი – 8,1ათასი კაცი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო წლებში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით დადებითი ცვლილებები განხორციელდა, კვლავ უმთავრეს ამოცანად რჩება მასობრივი უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევა; შრომისუნარიანი მოსახლეობის ეფექტიანი დასაქმების უზრუნველყოფა. შრომით ბაზარზე არსებული ნაკლოვანებები კვლავ უბიძგებს შრომისუნარიანი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, დატოვოს სამშობლო და საზღვარგარეთ წავიდეს სამსახურის საძებნელად. ბოლო აღწერის მონაცემებით, ემიგრანტების 75,1 პროცენტს შეადგენს 20–54 ასაკობრივი ინტერვალის მოსახლეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ემიგრანტებად ძირითადად ფერტილური ასაკის ადამიანები გვევლინებიან. ეს კი აუცილებლად აისახება არა მხოლოდ ქვეყნის დემოგრაფიულ პროცესებზე არამედ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც.

 მაღალმა ემიგრაციულმა ნაკადმა არსებითი გავლენა იქონია 0–29 ასაკობრივი ინტერვალის ახალგაზრდების რაოდენობრივ შემცირებაზე, რის შედეგადაც მათი რაოდენობა 1989 წელთან შედარებით 1686,2 ათასით შემცირდა. ემიგრაციის განსაკუთრებით მაღალი ტემპი აღინიშნება 15–25 ასაკობრივი ინტერვალის ახალგაზრდებში. მაღალმა ემიგრაციულმა პროცესებმა, ბუნებრივი მატების შემცირებასთან ერთად, 2014 წელს 15–29 ასაკობრივი ინტერვალის ახალგაზრდების 529,8 ათასით შემცირება განაპირობა 1989 წელთან შედარებით. ყურადღებაა გასამახვილებელი ემიგრანტთა სქესთა თანაფარდობაზე. 39 წლამდე ასაკის ემიგრანტებში მამაკაცები ჭარბობენ ქალებს, ხოლო 40 წლის და უფროსი ასაკის ემიგრანტებში საპირისპირო სურათია _ ქალების რაოდენობა აღემატება მამაკაცების რაოდენობას. 50 წლისა და უფროსი ასაკის ემიგრანტი ქალები 2-ჯერ მეტია შესაბამისი ასაკის ემიგრანტ მამაკაცთა რაოდენობაზე.

ემიგრანტ ქალთა უმრავლესობა (56,9%) დაქორწინებულია. რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზეა იმ ემიგრანტ ქალთა რაოდენობა, რომლებიც ქორწინებაში არასოდეს ყოფილან (20,6%), შემდეგ მოდიან ქვრივი ქალები (10,3%) და განქორწინებულები (7,7%). ემიგრანტი ქალების მიმართ (საქმე ეხება ქორწინებაში მყოფ ქალებს და იმ ქვრივ და განქორწინებულ ქალებს, რომლებმაც შვილები სამშობლოში დატოვეს), არსებული განწყობა არაერთგვაროვანია. ერთი მხრივ, ოჯახის – შვილის დატოვება და საზღვარგარეთ საცხოვრებლად და სამუშაოდ წასვლა არ არის გამართლებული. გაუმართლებელია იმ მხრივ, რომ ქალი-დედა ტოვებს ოჯახს ხშირად გაურკვეველი _ ხანგრძლივი დროით და სამშობლოში ტოვებს რა შვილს (შვილებს), აღარ ერევა მათ აღზრდა/სოციალიზაციაში. ეს, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად საკმაოდ მძიმე გადასატანია როგორც დედის, ისე შვილისთვის, რადგან ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ყველაზე მჭიდრო ემოციური კავშირი სწორედ დედასა და შვილს შორის არის, ამ კავშირის გაწყვეტა კი ხშირად მაშინ ხდება როცა შვილები არასრულწლოვნები არიან. მეორე მხრივ კი ის ფინანსური დახმარება, რომლებსაც ემიგრანტი ქალები საკუთარ ოჯახს უგზავნიან, მეტად მნიშვნელოვანია როგორც ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფის, ასევე საკუთარი შვილების განათლების ინვესტირებისთვის.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში მოხდა ახალგაზრდების სქესობრივ-ასაკობრივი გადანაწილების რაოდენობრივი ცვლილება, რაც, შობადობასა და მოკვდავობასთან ერთად, აქტიურმა ემიგრაციულმა პროცესებმა განაპირობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ცვლილებები აუცილებლად აისახება დემოგრაფიულ პროცესებზე, კერძოდ, ქორწინებასა და შობადობაზე. სქესობრივ-ასაკობრივი დისბალანსი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზიც ისაა, რომ ახალგაზრდა ასაკის ემიგრანტებს შორის მამაკაცები ჭარბობენ ქალებს, ეს კი აუცილებლად გამოიწვევს „საქორწინო ბაზარზე" მამაკაცების ნაკლებობას.

გლობალიზაციის პროცესმა თანამედროვე ახალგაზრდებს გაუფართოვა განათლების მიღების არეალი. ერთი მხრივ, პროგრესულად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ ახალგაზრდას ეძლევა საშუალება, მიიღოს ცოდნა იქ, სადაც მას სურს და არ შემოიფარგლოს მხოლოდ საკუთარი ქვეყნით. ეს ფაქტი მით უფრო მიმზიდველია, რომ სტუდენტთა დიდი ნაწილის საზღვარგარეთ სწავლა მასპინძელი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების მიერ ფინანსდება. 2014 წლის აღწერით მიღებული მონაცემებით, შინამეურნეობათა 11 პროცენტში ოჯახის წევრი საზღვარგარეთ განათლების მიღების მიზნითაა წასული. მათგან 73,4 პროცენტი 20–39 წლის ასაკობრივი ინტერვალის ორივე სქესის წარმომადგენელია – სულ 7 122 პირი. საყურადღებოა, რომ ემიგრანტ ქალებს შორის, რომლებიც არასოდეს ყოფილან ქორწინებაში, ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს ქმნიან 25 წლამდე ასაკის ქალები. ისინი 69,9 პროცენტს შეადგენენ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად წავიდა 2013–2014 წლებში – 562; 2014-2015 წლებში – 434; 2015–2016 წლებში – 403 სტუდენტი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები არ არის ზუსტი, რადგან ეს არის ის მონაცემები, რასაც სასწავლებლები აწვდიან სახელმწიფოს, ამიტომ ის ასახავს მხოლოდ იმ სტუდენტთა რაოდენობას, ვინც გაცვლითი პროგრამითაა წასული, მასში არ შედის საკუთარი ინიციატივით წასული სტუდენტების რაოდენობა.

ქვეყანაში დასაქმებასთან დაკავშირებული მდგომარეობა ასეთია –– საზღვარგარეთ განათლებამიღებული ადამიანები უფრო კონკურენტუნარიანები არიან, ვიდრე ისინი, ვინც უმაღლეს განათლებას საქართველოში იღებენ. თუმცა ჩვენი ქვეყანა გამონაკლისი არ არის, მსგავსი რამ ხშირად ხდება ისეთ ქვეყნებში, სადაც დასაქმების შესაძლებლობები დაბალია. როდესაც სამუშაო ადგილები ცოტაა, დასაქმების მსურველი კი ბევრი დამსაქმებელი არჩევანისას უპირატესობას ანიჭებს იმას, ვისაც განათლება უცხოეთში აქვს მიღებული. ამიტომ ახალგაზრდების ის ნაწილი, ვისაც მყარად აქვს საზღვარგარეთ სწავლა გადაწყვეტილი და ვერ მოხვდა გაცვლით პროგრამაში ეძებს საზღვარგარეთ წასვლის სხვა გზებს. საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის კი დაფინანსების მოპოვების სხვადასხვა პროგრამა არსებობს. ასე რომ, მსურველთათვის გზა ხსნილია.

სასწავლებლად წასული ახალგაზრდები ხშირ შემთხვევაში იქვე ახერხებენ სამუშაოს დაწყებას და მათი სამშობლოში დაბრუნების დრო გაურკვეველი ვადით გადაიწევს, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, მნიშვნელოვნად იმოქმედებს ქორწინებისა და შობადობის მაჩვენებლების შემცირებაზე.

ზოგადად, საქართველოდან დროებით ემიგრაციაში წასვლის მსურველთა პროცენტული წილები გაცილებით მაღალია ვიდრე მუდმივ ემიგრაციაში წასვლის მსურველები. ქალების შემთხვევაში 5,8-ჯერ მეტია დროებითი ემიგრაციის მსურველები, ხოლო კაცების შემთხვევაში 3,4-ჯერ. საყურადღებოა, რომ მათ შორის 70 პროცენტი არასოდეს ყოფილა ქორწინებაში.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ქვეყნის დემოგრაფიული დაბერების პროცესში ერთვება გარე მიგრაცია. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, 2030 წლისთვის ქვეყანაში დემოგრაფიული დაბერება კრიტიკულ ზღვართან შედარებით 2,4-ჯერ მაღალი იქნება, რაც განპირობებული იქნება შობადობის შემცირებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდით, შრომისუნარიანი მოსახლეობის გარე მიგრაციით, ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. 

დასკვნა

საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თანდათან გახდა გლობალური მიგრაციული სისტემის ნაწილი. გარე მიგრაციის დინამიკაში წამყვანი ადგილი ემიგრაციას უჭირავს. ემიგრაციულმა პროცესებმა მნიშვნელოვანი ასახვა პოვა ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. სულ რაღაც თორმეტ წელიწადში საქართველოს მოსახლეობა 15 პროცენტით შემცირდა. ამასთან, საქართველოს მოსახლეობა, კლებასთან ერთად, დაბერების ტენდენციითაც ხასიათდება. მოსახლეობის დაბერების პროცესის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია ემიგრაცია. ემიგრანტებად ძირითადად ფერტილური ასაკის ადამიანები გვევლინებიან. ეს კი აუცილებლად აისახება არა მხოლოდ ქვეყნის დემოგრაფიულ პროცესებზე, არამედ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. მოხდა ახალგაზრდების სქესობრივ-ასაკობრივი გადანაწილების რაოდენობრივი ცვლილება. სქესობრივ-ასაკობრივი დისბალანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია ახალგაზრდა ასაკის ემიგრანტებს შორის მამაკაცების სიჭარბე ქალებთან შედარებით, რაც აუცილებლად გამოიწვევს „საქორწინო ბაზარზე" მამაკაცების ნაკლებობას. ინტენსიურმა ემიგრაციულმა პროცესებმა საქართველო მოსახლეობის აღწარმოების შეკვეცილ რეჟიმამდე მიიყვანა. ამჟამად ქვეყანა მომაკვდავ ერთა სიაშია. ვფიქრობთ, მდგომრეობა საგანგაშოა და სასიცოცხლოდ აუცილებელია აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, რომლის განხორციელებაც უნდა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის პარალელურად. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. არჩვაძე ი., 2017. შრომითი მიგრანტების მიერ თანხების რეპატრიაციის ბუნებისა და მასშტაბების შესახებ. ჟ. `მიგრაცია“. №879–94.

2. სულაბერიძე ა., 2017. ინტერვიუ. ქვეყნიდან გასული 1.7 მლნ-ზე მეტი მიგრანტიდან მოსალოდნელია, 800 ათასი უკან აღარ დაბრუნდეს, გაზეთი „ქრონიკა", №37 (214), 7.11 – 13.11 2017.

3. შელია მ., ქალთა შრომითი ემიგრაცია საქართველოდან 2017, ჟ. `მიგრაცია“ №8, 114–132.

4. ბარტ დე ბარუნი, ჭითანავა მ., 2017; მოსახლეობის დინამიკა. 61–69.

5. რალფ ჰაკერტი, სუნბაძე ნ., 2017; 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზი გენდერულ ჭრილში, 71-76.

6. www.geostat.ge საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.